დესტრუქციული ურთიერთობები.
ვინ არის ნარცისული პერვერტი?

პოლ-კლოდ რაკამიეს ნაშრომის "ნარცისული პერვერსიის შესახებ"-ის მიხედვით ნარცისული პერვერსიის თეორიული ანალიზი .

1950-იან წლებში პოლ-კლოდ რაკამიემ შემოიტანა ნარცისული პერვერსიისა და ნარცისული პერვერტის კონცეფცია, გააანალიზა რა კავშირი შიზოფრენიასა და შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტების სხვა ადამიანებზე პროექციას შორის. რაკამიე, ნაშრომში The Genius of Origin-ში აღწერს ასეთ პიროვნებებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას და განდიდებას სხვების ხარჯზე, მანიპულირების გზით, იყენებენ რა მათ საკუთარი ტრავმისგან და კონფლიქტებისგან თავის დასაცავად. რაკამიესა და სხვა მკვლევარების, მათ შორის ჰაროლდ სერლისა და მარი-ფრანს ირიგონის ნამუშევარები ხაზს უსვამს მანიპულაციისა და პროექციის როლს, როგორც თავდაცვის მექანიზმებს, რომლებიც ზიანს აყენებენ მსხვერპლს სოციალური კლიმატის გაუარესებით.
ნარცისული პერვერსიის გაგება მნიშვნელოვანია ზიანის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლთა დასახმარებლად, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ და სიტუაციურ მიდგომას.
რაკამიე თავის ნაშრომში „ნარცისული პერვერსიის შესახებ“ წერს „ნარცისული პერვერსიის ცნება ყოველთვის გულისხმობს პერვერსიას, მაგრამ ყოველი პერვერსია არ არის ნარცისული პერვერსიის შემთხვევა“.
ნარცისული პერვერტი მალავს საკუთარ შიშსა და ბავშვობის ტრამვული ეპიზოდებისგან გამოწვეულ ნეგატიურ ემოციებს თავდაჯერებულობის ფასადის მიღმა და ასეთი გზით თავს არიდებს შინაგან კონფლიქტებს. ეს არის განსაკუთრებული სიამოვნება, რომელიც არ ასოცირდება ეროტიზმთან, მაგრამ ხშირად ასოცირდება სექსუალური სიამოვნების მიღების გზების გაუკუღმართებასთან. მსგავსი ქმედების საფუძველად შეიძლება ჩაითვალოს დეპრესიისა და კონფლიქტის თავიდან აცილების მცდელობა, რომელიც დაკავშირებულია ქვეცნობიერ მოთხოვნილებებთან და მისწრაფებებთან.
ნარცული პერვერტები იყენებენ მანიპულირებას, რათა ხაზი გაუსვან საკუთარ ძალაუფლებას. მათი თავდაცვის მექანიზმები მოიცავს თვითიდეალიზაციას, სხვების გაუფასურებასა და პროექციას. ასევე, ნარცისული პერვერტის პროფილი გულისხმობს თანაგრძნობის ნაკლებობას, მეგალომანიას, გონებრივ რეაქტიულობას, პარადოქსულ და აბსურდულ კომუნიკაციას.
შინაგანი საზღვრების არარსებობა საკუთარ თავსა და სხვა სუბიექტს შორის ხაზს უსვამს მათთვის დამახასიათებელ ტენდენციას, დაარღვიონ ინტერპერსონალური საზღვრები და გამოიყენონ სხვები საკუთარი ნარცისული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ნარცისული პერვერსია სათავეს იღებს ადრეულ ბავშვობაში და განისაზღვრება ბავშვის გადაუჭრელი ემოციური მოთხოვნილებებსა და მშობლებთან (ასევე სხვა მნიშვნელოვანი როლის მქონე ადამიანებთან) ურთიერთობების პატერნებით. ემოციური მხარდაჭერის, აღიარებისა და სიყვარულის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება უდევს საფუძვლად სამყაროს აღქმის დამახინჯებული ფორმების განვითარებას, ასეთ ადამნებს სჩვევიათ რეალობის ტესტირების უნარის დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გამუდმებით გაურბიან რეალობას და ანაცვლებენ მას საკუთარი ფსიქიკური რეალობით.
ბავშვის ემოციებისა და მიღწევებზე ადეკვატური რეაგირების ნაკლებობა ხელს უწყობს თვითშეფასების დამახინჯებული გრძნობის ჩამოყალიბებას. ასეთ დროს ვითარდება ფსიქიკურ თავდაცვის სისტემა შინაგანი კონფლიქტების საპასუხოდ, ეს კონფლიქტები კი კატასტროფულად და დამანგრევლად აღიქმება. მსგავსი თავდაცვითი მექანიზმი რეალიზებულია სხვებთან ურთიერთობის სპეციალური გზით, რაც უზრუნველყოფს კონფლიქტისადმი „იმუნიტეტს“ მიღებას. ადრეული ბავშვობიდან ნარცისული პერვერტი ხშირად ხდებოდა სხვისი დაუმუშავებელი მწუხარების მიმღები, მაგალითად 3 წლამდე ბავშვობის პერიოდში, ხშირად შევხვდებით ასეთი ადამიანების ოჯახურ ისტორიაში დედის დეპრესიული მდგომარეობას, მწუხარებას, ტრამვას, რომლის გადატანა ხდება ბავშვზე. ამ დროს ბავშვი ხდება დედის დაუმუშავებელი ნეგატიური გრძნობების და შინაგანი კონფლიქტების კონტეინერი, რაც აფერხებსა დედისგან განცალკევების პროცესს (სეპარაციას) და ფსიქო-სექსუალურ განვითარებას. ასეთ დროს ნარჩუნდება პირველად ობიექტთან (დედასთან) ერთიანობის ილუზიას. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთან დროული სეპარაციის არ არსებობას (დროული სეპარაციის მნიშვნელობაზე ჩემს სხვა ნაშრომში უფრო დეტალურად ვსაუბრებ).
კულტურული და სოციალური ფაქტორები, კიდევ უფრო აძლიერებენ ნარცისულ ტენდენციებს და ჰქმნან ნაყოფიერ ნიადაგს ნარცისული პერვერსიის განვითარებისთვის.
დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადატანის შეუძებლობა (მწუხარებასთან გადამუშავება შეუძლებელია, დანაკარგი არასდროს არ აღიქმება და მიიღება) და სიმბოლიზაციის პროცესის არარსებობა იწვევს ნარცისული პერვერტის განვითარების შეფერხებას, რადგან ის ცდილობს შეინარჩუნოს მხოლოდ "კარგი", ხოლო ნეგატივის გადაიტანოს გარე სამყაროში, სხვა ადამიანებზე და ამით თავიდან აიცილოს შინაგანი კონფლიქტი და საკუთარი ნეგატიური მხარეების აღქმით და გაანალიზებით მიღებული მწუხარება.
დანაკარგის მიღება არ ხდება სუბიექტის განვითარების არცერთ ეტაპზე, რადგან დარღვეულია პირველად ობიექტთან (დედასთან) სეპარაციის პროცესი. შეუძებელია ასევე საკუთარი "სიცუდის" გაანალიზება და მიღებაც, რადგან ასევე სეპარაციის არ არსებობა ქმნის ერთგვარ იდეალურ სიმბიოზს პირველად ობიექტთან, სადაც ამ ობიექტის უარყოფითი მხარეები არ მიიღება.
მსგავსი ურთიერთობის ფესვები უნდა ვეძიოთ ღრმა ბავშობაში, როდესაც ბავშვის და მშობლის ურთიერთობაში შეინიშება ჯანსაღი კომუნიკაციის არ არსებობა, დარღვეულია მამის (სიმბოლური) როლი ოჯახურ ისტორიაში, ბავშვი ხდება დედის დაუმუშავებელი ნეგატიური ემოციების კონტეინერი, არ არის დაცული შესაბამისი საზღვრები მშობელსა და ბავშვს შორის რაც ხელს უშლის "დანაკარგის" ან "უარის" მიმღეობას. რაციონალური აკრძალვების არარსებობას ადრეული ბავშვობის პერიოდში მივყავართ კანონის უგულვებელყოფასთან, და შინაგანი საზღვრების რღვევასთან (ამ თემაზე უფრო დეტალურად ვსაუბრობ ჩემს სხვა ნაშრომში).

ლოგიკური პარადოქსის მექანიზმი.

რაკამიე და დიდიე ანზიო ხაზს უსვამენ ლოგიკურ-პარადოქსის მექანიზმებს, როგორიცაა ორმაგი პარადოქსები და დისკვალიფიკაცია, რომელსაც იყენებს ნარცისული პერვერტი ფსიქიკური აგზნებისა და განტვირთვის თავიდან აცილების მიზნით და ასე ქმნის "კონფლიქტისადმი იმუნიტეტს". ის არ ცდილობს ჯანსაღი კავშირების შექმნას, არამედ სხვის განადგურებას, როგორც თვითგადარჩენის საშუალებას.
ნარცისული პერვერტის ძირითადი მექანიზმებია:
  • იდეალიზაცია და გაუფასურება: რომელიც ემსახურება მისი ნარცისისტული თვითშეფასების დაცვას გარე საფრთხეებისა და შიდა კონფლიქტებისგან. იდეალიზაცია გამოიხატება საკუთარი ღვაწლის, შესაძლებლობებისა და მიღწევების გადაჭარბებულ შეფასებაში, ისევე როგორც სხვა პიროვნების ან საგნების დროებით იდეალიზებაში საკუთარი სიდიადის დასადასტურებლად (შენ ხარ იდიალური, რადგან შენ მე მეკუთვნი). სხვა იდიალიზირდება მხოლოდ როგორც ნარცისული პერვერტის ნაწილი, და არა როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი (ამის საფუძველი ისევ ბავშვობის ასაკში პირველად ობიექტთან დროული სეპარაციის არარსებობაა). გაუფასურება, პირიქით, სხვა ადამიანების მნიშვნელობის, მათი მიღწევებისა და თვისებების დაკნინება, რაც საშუალებას აძლევს ნარცისულ პერვერტს შეინარჩუნოს საკუთარი უპირატესობის ილუზია.
  • პროექცია: საკუთარ არასასურველი, ნეგატიური, დაუმუშავებელი, ემოციების, აზრების, თვისებების სხვა ადამიანებზე გადატანა. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ნარცისულ პერვერტს თავი აარიდოს ნაკლოვანებებისა და დანაშაულის აღიარებას და ასევე იძლევა შესაძლებლობას გაუმკლავდეს შიდა კონფლიქტებს გარე სამყაროზე მათი პროექციის გზით.
  • უარყოფა: საშუალებას აძლევს უგულებელყოს ან მთლიანად უარყოს ფაქტები, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს მისი ნარცისისტული თვითშეფასება. ეს დამცავი მექანიზმი გამოიყენება საკუთარი უნიკალურობისა და სიდიადის ნარცისული ფანტაზიის შესანარჩუნებლად, მიუხედავად რეალობისა.
  • გაყოფა: შედგება ობიექტებისა და ადამიანების უკიდურესი აღქმისგან, ექსკლუზიურად "ყველაფერი კარგია" ან "ყველაფერი ცუდია". ეს მექანიზმი ეხმარება ნარცისულ პერვერტებს თავიდან აიცილონ გაურკვევლობა და ამბივალენტობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, მაგრამ იწვევს დამახინჯებულ და არასტაბილურ ურთიერთქმედებას.
  • მანიპულირება და კონტროლი გამოიყენება ნარცისისტული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ნარცისისტული რისხვა ჩნდება მაშინ, როდესაც აღიქმება საფრთხე ნარცისული იმიჯისთვის.

მთავარი ფსიქიკური პროცესი, რომელიც ხელს უწყობს ფსიქიკის განვითარებას ადრეული ბავშვობიდან არის - უარს თქმა ობიექტის სრულ ფლობაზე - ანუ სხვა ადამიანის (იგულისხმება პირველადი ობიექტი ანუ დედა) ტოტალური მისაკუთრება.
„მე“ განიცდის მწუხარებას და ნელ-ნელა გადის ამ გლოვის პროცესს, რომლის მეშვეობით „მე“ ქმნის ცალკეულად არსებობის შესაძლებლობას, აღმოაჩენს პიროვნულ საწყისებს რასაც მივყავართ ობიექტის, როგორც ცალკეული პიროვენების აღმოჩენამდე (ანუ როდესაც დედა ბავშვს ტოვებს მარტო ვთქვათ საძინებელში, ბავშვი განიცდის დანაკარგისგან გამოწვეულ მწუხარებას, ასეთ დროს იწყება გლოვის პორცესი, რაც ეხმარება საკუთარი საზღვრების გაანალიზებასა და პირველადი ობიექტისგან განცალკევებას - "დედა წავიდა, მე დავრჩი, ანუ მე ვარ მე დადა არის სხვა" - ბავშვს უჩნდება აღქმა რომ ის და დედა სხვადასხვა ადამიანია). ამრიგად, ხდება საკუთარი ფსიქიკური სამყაროს აღმოჩენა.
მწუხარების განცდით გამოწვეული გლოვა რთული პროცესია ნარცისული პერვერტისთვის, და ასევე შეუძლებელიც. რადგან ეს პროცესი აშიშვლებს ღრმა ნარცისულ ჭრილობებს და იწვევს დაუცველობისა და კონტროლის დაკარგვის შეგრძნებას, რომელიც აღიქმება გამანადგურებლად და ფატალურდ. ნარცისული პერვერსიის კონტექსტში, გლოვა შეიძლება იყოს განსაკუთრებით მტკივნეული, რადგან ის მოითხოვს რეალობის აღიარებას და დანაკარგის მიღებას, შეგუებას, რაც ეწინააღმდეგება ნარცისულ თავდაცვის მექანიზმებს, როგორიცაა უარყოფა, იდეალიზაცია და გაუფასურება.
დანაკარგით გამოწვეული შფოთვა არის ნარცისული პერვერტის ქცევის განმსაზღვრელი მთავარი ასპექტი. ეს ღრმად გამჯდარი შფოთვა წარმოიქმნება ნარცისული აღიარების, საკუთარი თვის იდიალიზირებული ხატის და საყოველთაო აღიარების დაკარგვის შიშით.
სწორედ დაკარგვის შიში ააქტიურებს პირველადი თავდაცვის მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს საკუთარი სიდიადის და სხვებზე კონტროლის ილუზიის შენარჩუნებას. ნარცისული პერვერტისთვის დანაკარგით გამოწვეული შფოთვის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის სხვა ადამიანების მნიშვნელობისა და მათი წვლილის გაუფასურება. პარტნიორების, მეგობრებისა და კოლეგების გაუფასურება საშუალებას აძლევს მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური დანაკარგის აღქმა და შეინარჩუნოს დამოუკიდებლობისა და თვითკმარობის ილუზია. დანაკარგით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად, ის აქტიურად ეძებს ნარცისული "მე"-ს გასაძლიერებლად ახალ წყაროებს, როგორიცაა ახალი ნაცნობები, მიღწევები, საზოგადოებრივი აღიარება და აღტაცება. თვითდამკვიდრების ეს მუდმივი სურვილი ეხმარება ნარცისულ პერვერტს დროებით გაუმკლავდეს შინაგან სიცარიელეს და შფოთვას. ახლო ურთიერთობების თავიდან აცილების მიზნით, უპირატესობას ანიჭებს ზედაპირულ ურთიერთობებს მიჯაჭვულობით გამოწვეული ემოციური დაუცველობის შესამცირებლად.
პ.კ.რაკამიე თავის ნაშრომში „ნარცისულ პერვერსიის შესახებ“ განმარტავს, რომ ნარცისული პერვერსია არის პერვერსიის ფორმა, რომელიც ხასიათდება სუბიექტის შინაგანი სამყაროს აქტიური დამახინჯებით.
პერვერსიული იმპულსები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიძლიერითა და კონტროლირებად, ზოგჯერ მტკივნეულ ან დეპრესიულ სიტუაციებზე რეაქციად. ამას მივყავართ მწუხარების თავიდან აცილების მცდელობამდე სხვების ხარჯზე, „ექსპორტის“ გზით ფსიქოზური შფოთვის ჩახშობამდე.
ასევე ნარცისული პიროვნების ორგანიზაციები შეიძლება განვითარდნენ დიდ თაღლითებად. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი თაღლითის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი - The Tinder Swindler.
რაკამიე განასხვავებს ნარცისული პერვერსიის ორ ფორმას: ერთი არის აგრესიული და “ტოქსიკური”, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, რომლებსაც ის უწოდებს ფალოიდურს (მოქმედებს მხოლოდ ფარულად, არასდროს ღიად და გულწრფელად), მეორე - თვითკმაყოფილი ფორმა - გამოირჩევა საკუთარი მნიშვნელობისა და ყოვლისშემძლეობის დადასტურების განწირული მცედლოებებით, მამაკაცისთვის უფრო დამახასიათებელი (მსგავს ადამიანებს უყვართ საკუთარი თავსი დემონსტრირება საზოგადოებაში). ეს განსხვავებები დაკავშირებულია კასტრაციის კომპლექსის ბედთან ბავშვობის ასაკში (კასტრაციის კომპლექსზე გოგონებსა და ბიჭებში ჩემს სხვა ნაშრომში უფრო დეტალურად ვსაუბრობ).
რაკამიე იკვლევს ნარცისული პერვერსიის სათავეს, რომელიც ბავშვობის მეგალომანიაზეა დაფუძნებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი ან პერვერსია. იგი ემყარება კასტრაციის თავიდან აცილებისა და ძალაუფლების მიღწევის სურვილს. ნარცისული პერვერსიის დომინანტურ ელემენტს წარმოადგენს ფანტაზია, რომელიც განვითარდა დაახლოებით 3 წლის ასაკში (ოედიპოსის კომპლექსის დაწყებამდე), იმის გამო, რომ დედასთან სეპარაცია დროულად არ მოხდა და მამის როლი ოჯახურ რომანში დარღვეულია ბავშვს უჩნდება ფანტაზია, რომ მან გაიმარჯვა მამაზე და ჩაანაცვლა ის დედის ცხოვრებაში, და ეს მოხდა დაუსჯელად, ანუ მამისეული კანონი არ დამკვიდრდა (ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ საჭიროა კარგად გავიგოთ კასტრაციის კომპლექსის და ოედიპოსის კომპლექსისი მნიშვნელობა პიროვნების ფსიქიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ამიტომ გაეცანით ჩემს შესაბამისი დასახელების სტატიას). მამის ფუნქცია ანულირებულია ფანტაზიაშიც და რეალობაშიც. გარდა ამისა, მამის გაძევების ხარჯზე ხდება ოიდიპოსის კომპლექსის თავიდან აცილება და სუპერეგოს განადგურება. დაუსჯელობის განცდა, მამის ფუნქციით ანულირებით გამოწვეული ნარცისული მეგალომანია და დედასთან სეპარაციის შეუძლებლობა გვაძლევს შედეგად შინაგანი კონფლიქტისადმი იმუნიტეტის მიღწევის მცდელობას. ნარცისულ პერვერსიაში კონფლიქტისგან იმუნიტეტი მიიღწევა ობიექტთან კავშირის ნაკლებობით, საკუთარ ნარცისიზმზე ფოკუსირებით. ეს ლტოლვაა ძალაუფლებისა და ყოვლისშემძლეობისკენ, სადიზმის ელემენტებით. მამაკაცებში ეს ვლინდება მათი დაუმარცხებლობის რწმენით (ბავშვობაშ მათ არ ,მიიღეს კასტრაცია მამისგან და განდევნეს იგი). ქალებში, მამაკაცების კასტრირების სურვილით, რაც რაკამიეს აზრით განასხვავებს ნარცისიზმის თვითკმაყოფილ ფორმას ფალოიდურისგან.
ნარცისტული პერვერტები ისწრაფვიან აბსოლუტური თვითკმარობისკენ, აქტიურად ერიდებიან სხვებზე დამოკიდებულების ნებისმიერ ფორმას - ისინი არავის წინაშე არ არიან ვალდებულნი. ეს გამოიხატება მადლოერების და დანაშაულის გრძნობის არ არსებობით, რაც ხაზს უსვამს მათ სურვილს დარჩნენ დამოუკიდებელნი და გავლენის გარეშე. მათ ქმედებები მოკლებულია ავთენტურობას და ემსახურება ჭეშმარიტი მოტივების შენიღბვას, რაც მიზნად ისახავს მათი გრანდიოზული მე-ს განმტკიცებას. ახასიათებთ შეცდომების მიღების უნარის არ არსებობა, და ყოველთვის ცდილობენ დაადანაშაულონ სხვები, რათა შეინარჩუნონ შეუცდომელობის და იდეალურობის ილუზია. ნარცისულ პერვერტს რომ საკუთარი თავის აღწერა მოკლედ შეეძლოს ალბათ მისი სიტყვები ასე იქნებოდა ფორმულირებული: “საკუთარი თავით მუდმივი სიამაყის შეგრძენების შესაძლებლობა არის ჩემი დამახასიათებელი ნიშანი"
ნარცისული პერვერტი საკუთარ თავში აერთიანებს ნარცისიზმისა და პერვერსიის თვისებებს. ეს არის ინდივიდი, რომელიც არ ცნობს არავის უპირატესობას და თავიდან იცილებს კონკურენციას. პერვერტს არ აქვს შინაგანი ცენზურის განცდა ასევე ვერ განიცდის იმედგაცრუებას წარუმატებლობის შემთხვევაში, რადგან ის ყოველთვის ახერხებს ნეგატიური ასპექტების და არასასიამოვნო სიტუაციების თავიდან აიცილებას. მათ შეიძლება მიაყენონ სხვა ადამიანს ტკივილი, მაგრამ ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ საკუთარი ტანჯვა სიტუაციებისა და შესაძლებლობების გულდასმით შეფასებით, ადამიანურ გრძნობებსა და ურთიერთობებს მათთვის მცირე მნიშვნელობა აქვს.
ნარცისული პერვერსია ხასიათდება ფანტაზიის უნარის შეზღუდვით, რაც ხსნის იმას რომ პერვერტები უპირატესობას ანიჭებენ ქმედებებს და არა ფიქრებს. ობიექტის წინააღმდეგ ბრძოლა მუდმივ თვითდამტკიცებას მოითხოვს მათგან, რასაც ისინი ხშირად წარმატებით ახერხებენ “მორალური მტაცებლობის” მეშვეობით, რომლის მიზანია ნარცისული სარგებლის მიღება სხვისი ეგოს დათრგუნვით. ნარცისული პერვერტი იყენებს სხვისი სუბიექტურობის ჩასახშობად სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა გადაუჭრელი დილემების შექმნა და პარადოქსული კომუნიკაცია, სხვა ადამიანების აზრებისა, შეფასების, ემოციების და ღირებულების მნიშვნელობის უარყოფა. მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია, რომ “მსხვერპლი” საკუთარი ნებით აღმოჩნდეს მათთან ურთიერთობაში, და მეტიც გამოხატავდეს ამის სურვილს გამუდმებით საწყის ეტაპზე. პერვერსიულ-ნარცისულ სიამოვნებას აქვს ორი ფაზა: პირველი ეტაპი მსხვერპლში იწვევს შფოთვას და მწუხარებას, მეორე არის დამთრგუნველი ელემენტი, რომელიც აძლიერებს პირველის ეფექტს (ეს ორი ფაზა განასხვავებს პერვერსიას სექსუალური სიამოვნებისგან).
ნარცისული პერვერსია მოითხოვს აუდიტორიას მისი გამოვლინებისთვის და მოიცავს ფანტაზიებს საკუთარი თავის შესახებ, როგორც მარადიულად მიმზიდველი და დაუძლეველია. პერვერტის ქმედებების წარმატება დამოკიდებულია მათ უნარზე, დამალონ თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვები და იმოქმედონ შეფარვით. პერვერსიული „სცენარის“ სირთულე და დახვეწილობა განსაზღვრავს მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს. ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია თავდასხმის მოულოდნელობასა და სისწრაფეზე, ასევე “მსხვერპლის” დაშინების უნარზე უპირატესობის დემონსტრირებით, ისევე როგორც ზოგიერთი ცხოველი იყენებს გარე ატრიბუტებს მეტოქეების დასაშინებლად და პარალიზებისთვის (ამის მაგალითებს აუცილებლად განვიხილავთ).

ნარცისული პერვერტის ობიექტი
რეალურად მათთვის ობიექტი არ წარმოადგენს რეალურ ობიექტს.
ობიექტთან ურთიერთობის წესები შემდეგია: ობიექტი აქ არ აღიქმება ინდივიდად საკუთარი გრძნობებითა და შინაგანი რეალობით, არამედ აღიქმება თოჯინად, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და გამოიყენება პერვერტის ნარცისული მიზნების მისაღწევად. უარყოფენ არა მის არსებობას, არამედ მის მნიშვნელობას და დამოუკიდებლობას, ექვემდებარება ბატონობას, სადისტურ თავდასხმებს და არის დამორჩილებილი. ნარცისული პერვერტის ობიექტი ასევე შეიძლება მივიჩნიოთ ფეტიშისტური ურთიერთობების ობიექტად, გარდაიქმნება უსულო საგანად ან ფუნქციად.
ნარცისული პერვერტი ცდილობს სრულ დომინირებას ობიექტზე, სადისტურად უტევს მას და თავის ნებაზე აქცევს, აქტიურად უარყოფს ყოველგვარ სუბიექტურ გამოვლინებას და დამოუკიდებლობას.
ნარცისული პერვერტის მთავარი ინსტრუმენტი მეტყველებაა, რომელიც მანიპულირებისა და გავლენის საშუალებად გვევლინება. მათ შეუძლიათ სიტყვით მოაჯადოვონ ადამიანები და დაიმკვიდრონ საკუთარი თავი საზოგადოებაში, ისინი არიან ძალიან დამაჯერებლები და ხშირად თითქმის შეუძებელია მათი მხილება.

ანტი-აზროვნება
პერვერსიული აზროვნება გულისხმობს შემოქმედებითი პოტენციალის უარყოფას, მიმართული არა შინაგანი სამყაროს შემეცნებისკენ - არც საკუთარი და არც გარშემომყოფების - არამედ მანიპულაციისა და ნგრევისაკენ. ფანტაზიებისა და გრძნობებისადმი ინტერესის ნაკლებობა მას სოციალურ მანიპულაციის იარაღად აქცევს. მიზნად ისახავს დემენტალიზაციას და დამცირებას, დეზინფორმაციის იარაღად გამოყენებას. ის ორიენტირებულია კავშირებისა და საზოგადოების ნდობის განადგურებაზე, ქაოსსა და გაუგებრობაზე. ამ კონტექსტში, პერვერსია მოქმედებს როგორც იარაღი აზროვნებისა და ურთიერთგაგების საფუძვლებზე თავდასხმისთვის.
თუმცა ჭეშმარიტი კრიტიკული აზროვნების უუნარობა მას დაუცველს ხდის შინაგანი სიცარიელის და დეპრესიის მიმართ. მაშასადამე, პერვერსიული აზროვნება არა მხოლოდ სოციალურად საზიანოა, არამედ თვითდესტრუქციულიცაა, რაც იწვევს იზოლაციას და ფსიქიკურ მარტოობას. პერვერსიული აზროვნება მიზნად ისახავს აზრების ხელში ჩაგდებას და დამორჩილებას, ორიენტირებულია გაყოფაზე და დეზორიენტაციაზე, ეწინააღმდეგება რეალური ადამიანური კავშირების დამყარების სურვილ.

გავლენა პარტნიორზე
რაკამიეს ნაშრომის თეორიული ანალიზიდან შეიძლება გავიგოთ, რა გავლენას ახდენს ამ ტიპის ურთიერთობა ნარცისული პერვერტის პარტნიორებზე და რა საფრთხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
როდესაც რაკამიე იხსენებს ნარცისულ პერვერტთან ფსიქოანალიტიკური თერაპიის სესიებს ის საუბრობს საკუთარ კონტრტრანფერულ ემოციებზე, ამბობს რომ ხშირად ეუბლებოდა გაოცების, მიზიდულობის და მაზოხისტური დათანხმების შეგრძნებები. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად გამოწვეული ძირითადი ემოციები არის დამცირება და გაბრაზება, რაც ასახავს თერაპევტის ნარცისულ იარას. ნარცისული პერვერტები იკვებებიან სხვების ნარცისიზმით.
ნარცისისტული პერვერტების პარტნიორები ხშირად განიცდიან იზოლაციის, გაუფასურების და ემოციური დაცლილობის გრძნობას. როგორც ნაშრომშია აღწერილი, ნარცისულ პერვერტს არ შეუძლია საკუთარი ნეგატიური განცდებისა და კონფლიქტების გადამუშავება, მწუხარების მიღება ამიტომ ის იყენებს სხვა ადამიანს ამ გადაუმუშავებელი გრძნობების კონტეინერად, ახდენს მათზე საკუთარი ნეგატიური ასპექტების და დანაშაულის გრძნობის პროეცირებას. ნარცისული პერვერტების მაკონტროლებელი და მანიპულაციური ქცევა მცირე ადგილს ტოვებს ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებისთვის. ჭეშმარიტი აზროვნებისა და და ნაკლებობა და პარადოქსული კომუნიკაცია ახდენს პარტნიორის ფსიქიკის პარალიზებას, ისევე როგორც გარე სამყაროსთან პარტნიორის იზოლირება, რადგან ის აქტიურად ახდენს პიროვნების სრულ იზოლირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა და დესტრუქციული ცვლილებები პარტნიორის ფსიქიკაში, რაც ხაზს უსვამს პროფესიონალური დახმარებისა და მხარდაჭერის დროული ძიების აუცილებლობას.

შეჯამება.
ნარცისული პერვერსია სათავეს იღებს ადრეულ ბავშვობაში (იგულისხმება 3 წლამდე ასაკი) გადაუმუშავებელი ემოციური მოთხოვნილებების და მშობლებთან ურთიერთობის გამო, რაც განაპირობებს პრიმიტიული თავდაცვის მექანიზმების განვითარებას, როგორებიცაა: განცალკევება, პროექტიული იდენტიფიკაციას, იდეალიზაციას, გაუფასურება და უარყოფა. ეს მექანიზმები გამოიყენება ნარცისული იმიჯის დასაცავად, თავისი ნაკლოვანებების აღიარების თავიდან აცილებისა და გრანდიოზულობის ილუზიის შესანარჩუნებლად.
მწუხარების განცდით გამოწვეული გლოვის პროცესის გავლა შეუძლებელია ნარცისული პერვერტისთვის, რადგან ის მოითხოვს დანაკარგის მიღებას. დაკარგვით გამოწვეული შფოთვა დომინირებს ნარცისული პერვერტის ქცევაში, რაც იწვევს სხვების გაუფასურებას და გარეგანი დადასტურების მუდმივ ძიებას საკუთარი თავის აღქმისა და შინაგანი სიცარიელის განცდის თავიდან აცილების მიზნით.
ნარცისისტი პერვერტის პარტნიორებს სერიოზული ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულეები ექმნებათ. ისინი ხშირად განიცდიან იზოლაციის გრძნობას, რადგან ნარცისული პერვერტი ცდილობს გააკონტროლოს და შეზღუდოს მათი კავშირი გარე სამყაროსთან, აქტიურად ხდება პარტნიორის იზოლირება მეგობრებისგან და ოჯახისგან. ეს იწვევს ემოციურ დაღლილობას, რომელიც გამოწვეულია მუდმივი წნეხით და მანიპულაციებით, რის შედეგადაც პარტნიორებმა შეიძლება დაკარგონ თვითშეფასების და საკუთარი თავის აღქმის გრძნობა. ასეთ ურთიერთობაში დიდხანს დარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრავმა და პარტნიორის ფსიქიკაში დესტრუქციული ცვლილებები. პარტნიორები, დისკვალიფიკაციისა და ორმაგი პარადოქსების გამო, ხშირად აღმოჩნდებიან სიტუაციებში, როდესაც მათი გრძნობები, საჭიროებები და სურვილები იგნორირებულია ან უარყოფილია, რაც ძირს უთხრის მათ უნარს, ენდონ საკუთარ შინაგან გამოცდილებას და რეალობის აქღმას.

ნარცისულ პერვერსიული კავშირის გავლენაზე პარტნიორის ფსიქიაკაზე, ასევე ნარცისული პერვერტის მექანიზმებზე, რომლის საშუალებითაც ის ახერხებს ამ გავლენის მოპოვებას ვისაუბრებთ ჩემს სხვა ნაშრომში, სახელწოდებით - "ნარცისული პერვერსიის გავლენა და მექანიზმები ურთიერთობების დინამიკაზე"



MARCH, 16 / 2018

Text author: Maria Lannin
Photography: Unspalsh
Contact us with any convenient way:

E-mail: hello@company.com
Phone: +123 466 567 78
Social networks: Facebook | Instagram | Youtube

© All Right Reserved. My company Inc.
e-mail us: hello@company.cc
Made on
Tilda